სსიპ აჭარის მუზეუმი აერთიანებს ოთხ მუზეუმს და სამ ფილიალს. თითოეულ მუზეუმს სხვადასხვა შინაარსის საგანმანათლებლო პროგრამა აქვს, სულ 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამაა დანერგილი და ისინი მოსწვლეთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კომპლექტდება.
საგნობრივი მიმართულებაა-ისტორია, ხელოვნება, ეთნოგრაფია, გეოგრაფია, არქიტექტურა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამას „როგორ ცხოვრობდნენ აჭარაში ძველად?“. ეს პროგრამა მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებზეა გათვლილი. მისი მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აჭარაში გავრცელებული საცხოვრებელი სახლების ტიპებს, ადამიანთა ყოფა-ცხოვრებას, ხალხურ ტრადიციებს.
ძველ დროში მაღალმთიან აჭარაში-ხულო, შუახევი, ასევე ხინო გავრცელებული იყო ერთსართულიანი ან ორსართულიანი საცხოვრებელი-ჯარგვალი, ანუ ძელური სახლი, სადაც გამართული იყო შუაცეცხლი ან ბუხარი, სახლი კი გადახურული იყო ყავრით ან ჩალით. მეორე ზონად ითვლება ქედის და ხელვაჩაურის რაიონი, სადაც გვხვდება ოთხკუთხედი ფორმის, კარგად გათლილი ფიცრისგან ნაშენი სახლები, ასევე პირველი სართულის ქვით და აგურით ნაშენი სახლებიც. ცალკე ზონად მოიაზრება ქობულეთის რაიონი, აქ სხვადასხვა ტიპის სახლები გვხვდება, სადაც ყურადღებას აქცევენ სახლის გეგმას და საშენ მასალას. გავრცელებულია ორსართულიანი, სამსართულიანი, ფიცრული ოდა-სახლი, ასევე სამ და ოთხფერდიანი ლაზური სახლი. ქობულეთში, ზღვისპირა მიდამოებში გავრცელებული ყოფილა ფაცხა სახლებიც. მეოთხე, ალპურ ზონაში მეტნაკლებად ყველა ტიპის სახლი გვხვდება, მათგან უძველესია ორსართულიანი სახლი, ანუ ზედშედგმული ჯარგვალი - იგივე ძელური სახლი ორფერდა გადახურვით და მიწური იატაკით. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული წარმოადგენდა საქონლის სადგომს, სადაც ძროხას, ხბოს, ცხენს, წვრილფეხა საქონელს (ცხვარი, თხა) აბამდნენ, ასევე თივას ინახავდნენ. ხშირად აჭარული სახლის ქვედა მხარეს ახორის ქვეშ კეთდება წვრილფეხა საქონლის სათავსო, ან კიდევ იარაღ-ინვენტარის შესანახი. ამის გამო ფერდობზე აშენებული სახლი წინა ჭრილში სამსართულიანი გამოდის, გარე ხედით კი ორი სართულითაა წარმოდგენილი. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პირველი რიგის სამუშაოდ სამოსახლო ადგილის შერჩევა ითვლებოდა. ვინაიდან აჭარა ძირითადად მთაგორიანია, ადგილის შერჩევაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი ყურადღება ექცეოდა სამოსახლო ადგილების მეწყრისგან მორიდებას, თოვლის ზვავის, მდინარეთა კალაპოტიდან გადმოლახვის გათვალისწინებას, სოფლის თუ უბნის სამიმოსვლო გზებთან სიახლოვეს, მაგრამ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წყლის სიახლოვე წარმოადგენდა. სახლისთვის ვაკე ადგილს არჩევდნენ, თუ შეფერდებული ადგილი იყო, ნახევრად გაავაკებდნენ. ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოსწავლეები გამოძერწავენ და დახატავენ ძველებურ აჭარულ სახლებს.